ა ხ ა ლ ც ი ხ ე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი
მისამართი: ქ. ახალციხე, პ. ხარისჭირაშვილის 1. ტელ.: 8 (265) 2 16 22
მუზეუმი დაარსებულია 1937 წელს კონსტანტინე გვარამაძის მიერ.
სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი. აქ თავმოყრილია ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე მოძიებული ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი ძეგლები - ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალები, აგრეთვე ფოტო დოკუმენტები.
სამუზეუმო საქმიანობას სამცხე-ჯავახეთში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი სათავეს იღებს მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, როცა „ვინმე მესხის“ სახელით ცნობილი გამოჩენილი მოღვაწე ივანე გვარამაძე მისივე ხელით შეგროვილი ექსპონატებით აწყობს საოჯახო მუზეუმს. სწორედ ამ მუზეუმისა და გაუქმებულ ეკლესიებში შეკრებილი მასალის საფუძველზე ახალციხეში 1923 წელს დაარსდა სამაზრო მუზეუმი, თუმცა უბინაობის გამო მას დიდხანს არ უარსებია. შემდეგ ივანე გვარამაძის ვაჟიშვილის - კონსტანტინეს დაუღალავი ზრუნვითა და მეცადინეობით 1937 წელს კვლავ გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ძველი არქივ-მუზეუმის მასალა. მისი პირველი დირექტორი სამუზეუმო საქმისთვის თავდადებული კაცი დავით გრიგოლის ძე ლობჟანიძე იყო.
დიდი ხნის განმავლობაში მუზეუმს არ გააჩნდა შესაფერისი ბინა და მუშაობის სათანადო პირობები, მაგრამ აქ მომუშავე ადამიანთა დაუღალავი შრომის წყალობით მაინც მდიდრდებოდა ახალი ექსპონატებით. 1972 წელს მუზეუმი განთავსდა ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე შენობებში. მუზეუმის ფონდებში თავმოყრილია 20 ათასზე მეტი ექსპონატი.
წარმოდგენილია 8 საგამოფენო დარბაზი: არქეოლოგიის, ფეოდალური ხანის, დიდი სამამულო ომის, ეპიგრაფიკის, ხალიჩა-ფარდაგების, ტაო-კლარჯეთის. მათ შორის აღსანიშნავია ხელნაწერთა და ძველნაბეჭდი წიგნების ფონდი. აქ არის XI-XIII და XV საუკუნეების ეტრატები, „ვეფხისტყაოსნის“ XVI საუკუნის ხელნაწერის ფრაგმენტი, 1477 წელს იტალიაში დასტამბული „საქრისტიანო მოძღვრება“, 1709 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში ნაბეჭდი ფსალმუნი, 1836 წელს იაკობ ხუციშვილის მიერ დაარსებულ სტამბაში დაბეჭდილი პარეზი, 1629 წელს გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი და სხვ. აქვეა დაცული ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები.
მუზეუმში ფართოდ არის წარმოდგენილი მესხეთის ეპიგრაფიკული ძეგლები. მუზეუმს გააჩნია დიდი ნუმიზმატიკური კოლექცია. მდიდარია არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ფონდები. მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულია 18 000-ზე მეტი გამოცემა. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის განვითარების საქმეში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ამავე მუზეუმის დირექტორებს: დავით ლობჟანიძეს, გარსევან ბარათაშვილს, ელენე დიდიმამიშვილს, ნინო მელიქიძეს, ნანა ჯინჭველაძეს, თამარ ჩილაშვილს, სოფიო ორჯონიკიძეს, სერგო ხოსიტაშვილს, გიორგი კაპანაძეს, ამჟამინდელ დირექტორს ციური ლაფაჩს, რომელიც უკვე ოცი წელია ხელმძვანელობს მუზეუმს.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დამფუძნებლები
ივანე გვარამაძე (1831-1912) დაიბადა სოფ. ვალეში. დაწყებითი განათლება მიიღო რაბათის (ახალციხის ძველი ნაწილი) სამრევლო სკოლაში. შემდეგ სწავლობდა ქუთაისში, კონსტანტინოპოლში და ალექსანდროპოლში.
ივანე გვარამაძე იყო მრავალმხრივი მოღვაწე: არქეოლოგი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, მწერალ-პუბლიცისტი, მასწავლებელი, ხალხური სიტყვიერების შემკრები და მკვლევარი, პოეტი და მხატვარი. იგი ფლობდა თურქულ, ლათინურ და სომხურ ენებს, იცნობდა ქართულ და სომხურ მწიგნობრობას, იყო კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ახალციხეში და სოფ.ხიზაბავრაში ბიბლიოთეკების დაარსების ერთ-ერთი მოთავე. მისი ინიციატივით დაარსდა დაწყებითი სკოლები ახალციხესა და ხიზაბავრაში. მას ჰქონდა მდიდარი საოჯახო მუზეუმი, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით ჩამოყალიბდა სამაზრო მუზეუმი.
ივანე გვარამაძემ შეადგინა ქართული ენის გრამატიკა და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, პეტრე ხარისჭირაშვილის თხოვნით ფრანგულიდან თარგმნა რამდენიმე სასულიერო ხასიათის წიგნი, წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, აღზარდა ღირსეული მამულიშვილები: მიხეილ თამარაშვილი, იოსებ ლაზარაშვილი, ალიოზ ბათმანაშვილი, იოანე ანტონოვი (ანტონაშვილი), და სხვა, მათ შორის საკუთარი ვაჟი კონსტანტინე გვარამაძე, რომელიც მამის საქმის ღირსეული გამგრძელებელი გამოდგა.
კონსტანტინე გვარამაძე (1867-1943) დაიბადა ახალციხეში. განათლება მიიღო ადგილობრივ სასულიერო სკოლაში. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ართვინში, სოფ. მაკვანეთში, სოფ. ხიზაბავრაში. 1904 წლიდან გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ახალციხეში. სახელოვანი მამის მსგავსად, ისიც მრავალმხრივი მოღვაწე იყო: ეთნოგრაფი, მწერალ-პუბლიცისტი, ფოლკლორისტი, წიგნების შემდგენელ-გამომცემელი.
კონსტანტინე გვარამაძის სახელს უკავშირდება ახალციხეში თეატრალური დასის ჩამოყალიბება, უფასო საავადმყოფოს, ქართული წიგნების მაღაზიის (1914 წ.), არქივის (1924 წ.) დაარსება. მისი ინიციატივით ბიბლითეკები გაიხსნა მაკვანეთსა (1891 წ.) და ხიზაბავრაში (1904 წ.). უდიდესი წვლილი შეიტანა ახალციხეში სამაზრო მუზეუმის დაარსებაში (1923 წ.), რომლის ბაზაზეც 1937 წელს მისივე ინიციატივით გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ა ს პ ი ნ ძ ა
ასპინძის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 2 მუზეუმი:
ვარძიის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმ – ნაკრძალი, რომელიც 1938 წელს დაარსდა.
ასპინძის შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმი, სადაც 290 სხვადასხვა დასახელების სამუზეუმო ექსპონატი (ეთნოგრაფიული, ისტორიული, ფერწერული, სკულპტურული და ლიტერატურული) ინახება.
ამჟამად საცავი განთავსებულია ასპინძის კულტურის ცენტრის შენობაში. მუზეუმისათვის გამოყოფილია ფართი.
ბ ო რ ჯ ო მ ი
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: ქ. ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. №5.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობაში, რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო განთავსებული. იგი აშენებულია 1890 წელს გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი არქიტექტურით.
დღეისათვის მუზეუმის ფონდში დაცულია 36000 სხვადასხვა სახის ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების, არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების. ექსპოზიციებში
ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები, სხვადასხვა დროს მოპოვებული ძვირფასი ექსპონატები, როგორიცაა: პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები, მორთულობის საგნები და მრავალი სხვა. ექსპოზიციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს XVIII-XIX ს.ს. თიხის, მინის, ბრინჯაოსა და ფაიფურის, აგრეთვე ხეზე კვეთის ექსპონატებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავის დროზე ეკუთვნოდა რუსეთის სამეფო საგვარეულოს – რომანოვების დინასტიის წარმომადგენლებს, რომლებსაც დასასვენებელი სასახლეები ჰქონდათ ბორჯომში.